საფრანგეთის ეროვნული ავიაკომპანია Air France საქართველოს მიმართულებით ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გააგრძელებს. ავიაკომპანიას პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 22 ნოემბრამდე ჰქონდა დაანონსებული, თუმცა ავიაკომპანიის მენეჯმენტმა ფრენების სეზონის ბოლომდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოში Air France-ს გენერალური აგენტი კომპანია APG Georgia-ში განმარტავენ, ავიაკომპანია პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ზაფხულის მსგავსად, კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.
ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი სიხშირის დამატებასაც განიხილავს, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება ოდნავ მოგვიანებით გახდენა ცნობილი.
ავიაბილეთების დაჯავშნა და შეძენა Air France-ს ვებ-გვერდზე და ბილეთების დაჯავშნის საერთაშორისო სისტემებში უკვე შესაძლებელია.
Air France საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულებს.
აღსანიშნავია, რომ Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა და პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 17101 მგზავრს მოემსახურა. ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით რეისები მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის განმავლობაში განახორციელა, თუმცა 2020 წელს ზაფხულის გარდა ზამთარში ფრენების გადაწყვეტილებაც მიიღო.
Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.