ავიაკომპანია Air Canada-მ საკუთარ ავიაპარკში მყოფი ყველაზე დიდი ზომის სამგზავრო თვითმფრინავების სატვირთოდ გადაწყობა დაიწყო. ავიაკომპანია Boeing 777-300ER-ებით მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს მოემსახურება.

ჩვეულებრივ სიტუაციაში აღნიშნული თვითმფრინავებით 422 მგზავრის და მათი ბარგის მომსახურებაა შესაძლებელი, თუმცა ამიერიდან ისინი მხოლოდ ტვირთების მომსახურებაზე იქნებიან ორიენტირებულნი. გარკვეული დროით, თვითმფრინავში ტვირთი მხოლოდ სატვირთო განყოფილებაში განთავსდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხომალდი ტვირთების გადაზიდვისთვის მხოლოდ ნახევარი ტევადობით იყო გამოყენებული.

თავის მხრივ, ასეთ გამოყენებას ეფექტურს ვერ ვუწოდებთ. ხარჯების დასაფარად და ტევადობის გაზრდისთვის თვითმფრინავის სალონის გადაწყობაც გადაწყდა. საბოლოო ჯამში კი ბორტზე 89,63 ტონა ტვირთის ატანა გახდა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ 9 მლნ სამედიცინო ნიღბის ეკვივალენტია.