Air Canada ES-30 ტიპის 30 ელექტრო-ჰიბრიდულ საჰაერო ხომალდს ყიდულობს. რევოლუციური რეგიონული საჰაერო ხომალდი ექსპლუატაციაში 2028 წლიდან შევა და ელემენტის ენერგიის გამოყენებით, უზრუნველყოფს ნულოვან ემისიას ფრენის დროს, ასევე ავიაკომპანიას მნიშვნელოვან საოპერაციო დანაზოგებს და სარგებელს მოუტანს.
“Air Canada ავიაინდუსტრიაში ლიდერია კლიმატის ცვლილებებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ჩვენ ინვესტირებას ვახორციელებთ რევოლუციურ ელექტრო-ხომალდების ტექნოლოგიაში, როგორც ES-30 ტიპის საჰაერო ხომალდების მომხმარებელი და როგორც წილის მფლობელი პარტნიორი Heart Aerospace-ში“, – განაცხადა Air Canada-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რუსომ.
ES-30 ტიპის საჰაერო ხომალდებს, რომლის ტევადობა 30 მგზავრია, Air Canada ქალაქგარეთ და რეგიონულ რეისებზე გამოიყენებს. საჰაერო ხომალდი აღჭურვილი იქნება ლითიუმ-იონური ელემენტებით, იქნება გაცილებით სანდო და ნაკლებად ხმაურიანი, უკეთესი საოპერაციო პარამეტრებით და მინიმალურ გავლენას მოახდენს გარემოზე ტურბო-პროპელერიან საჰაერო ხომალდებთან შედარებით. საჰაერო ხომალდს ასევე ექნება სარეზერვო ჰიბრიდული გენერატორები, რომელსაც საავიაციო საწვავის გამოყენება შეეძლება. სრულად დატვირთულ ES-30 ტიპის საჰაერო ხომალდს 200 კილომეტრის დისტანციაზე ექნება სრულად ელექტრული, ნულოვანი ემისია. ეს მანძილი შეიძლება გაიზარდოს 400 კილომეტრამდე გენერატორებისგან გამომუშავებული ენერგიის ხარჯზე და 800 კილომეტრამდე, თუ ბორტზე 25 მგზავრზე მეტი არ დაიშვება. საჰაერო ხომალდის ელემენტებს დასატენად დაახლოებით 30-50 წუთი დასჭირდება.