ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana-მ ტრანზიტული მგზავრებისთვის პროგრამა Stopover Holidays განაახლა. ავიაკომპანიამ აღნიშნული პროგრამა 2013 წელს, შემომყვანი ტურიზმის სტიმულირებისთვის შეიმუშავა, თუმცა გლობალური პანდემიის დროს შეაჩერა. 2013 წლიდან 2019 წლამდე აღნიშნული პროგრამით 59000-ზე მეტმა ტრანზიტულმა მგზავრმა ისარგებლა.

Stopover Holidays პროგრამა განკუთვნილია Air Astana-ს სატრანზიტო მგზავრებისთვის, რომლებიც დაფრინავენ ერთი საერთაშორისო დანიშნულების ადგილიდან მეორეში ალმათის ან ასტანას გავლით (მაგალითად, სეული-ალმათი-თბილისი ან სტამბოლი-ასტანა-ტაშკენტი). პროგრამა საერთაშორისო ტრანზიტულ მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს მცირე დროით გაჩერდნენ ყაზახეთში, გადაიხადონ მხოლოდ 19 აშშ დოლარი პირველი ღამისთევისთვის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ნახონ ორი ქვეყანა ერთ მოგზაურობაში.

პროგრამით სარგებლობისთვის, თქვენ უნდა დაჯავშნოთ ფრენა Air Astana-ით ვებგვერდზე airastana.com ტრანზიტით ალმათის ან ასტანას გავლით. მთავარი პირობაა, რომ ფრენებს შორის დაკავშირების დრო უნდა იყოს მინიმუმ 10 საათი.