ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana-მ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს PetroChina International Kazakhstan-თან და განიხილავს თვითმფრინავის საწვავის მიწოდების შესაძლებლობას ჩინეთის გადამამუშავებელი ქარხნებიდან.
„ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები აპირებენ ითანამშრომლონ როგორც საავიაციო საწვავის მიწოდებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის შექმნაზე და საწვავის საერთაშორისო სტანდარტ Jet A-1-ზე გადასვლაზე. მხარეებმა განიხილეს ყაზახეთში Jet A-1 და ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის (SAF) შემოტანის შესაძლებლობა პირდაპირ ჩინეთის გადამამუშავებელი ქარხნებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც Air Astana-ს ჯგუფის პრეზიდენტმა პიტერ ფოსტერმა აღნიშნა, ავიაკომპანია აქტიურად აფართოებს მარშრუტების ქსელს და ზრდის ფლოტს ახალი თვითმფრინავებით.
“პარტნიორების მხარდაჭერა საწვავის მიწოდების საკითხებში ხელს შეუწყობს Air Astana-ს შემდგომ ზრდას და განვითარებას. როგორც მისი ESG სტრატეგიის ნაწილი, ავიაკომპანია მოწოდებულია დანერგოს ინოვაციური და ეკოლოგიურად მდგრადი ინიციატივები”, – თქვა ფოსტერმა.
Jet A-1 არის საწვავის ტიპი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) სტანდარტებს. „განსხვავება Jet A-1-სა და ყაზახეთში გამოყენებულ TS-1/RT -ს შორის ძირითადად წარმოების ტექნოლოგიასა და შენახვაშია“, – აცხადებენ კომპანიაში.