პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აგვისტოს თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 52 % აღდგა. 2021 წლის აგვისტოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 45,922 მგზავრს მოემსახურა. (2019 აგვისტო – 87,969 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. აგვისტოს თვეში, აეროპორტში რეისების 69% აღდგა. ( 2021 აგვისტო – 188 რეისი, 2019 აგვისტო – 274 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ოპერირებს.
“მოცემულ მომენტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს 19 მიმართულებით, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 15 მიმართულებით. აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულებული 188 რეისიდან 165 იყო რეგულარული ხოლო 23 ჩარტერული რეისი. 28 სექტემბრიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air დაამატებს კრაკოვის მიმართულებას ქუთაისიდან. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან ბაზარზე დაბრუნების/ახალი მიმართულების დამატების კუთხით. რის შესახებაც ცნობილი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
სექტემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 111 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 52 რეგულარული რეისი შესრულდება.