აგვისტოს ბოლოდან გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი პირველ ვიზიტორებს მიიღებას. ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. ზურაბ პატარაძე ადმინისტრაციის სამსართულიანი შენობისა და მეფუტკრის სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.
ბაღის განვითარების საქმეში ჩართულია გერმანელი სპეციალისტები, კერძოდ, მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები, რომელთა დახმარებით გაგრძელდება ალპინარიუმის მოწყობა.
„გოდერძის ბოტანიკური ბაღი აგვისტოს ბოლოს შეძლებს პირველი ვიზიტორების მიღებას. სულ მალე მაღალმთიან აჭარას ექნება სრულიად უნიკალური ტურისტული ღირშესანიშნაობა. რა თქმა უნდა, ბაღის მშენებლობა გაგრძელდება და აქ შეიქმნება ოთხივე სეზონის ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ცენტრი. ალპური ბოტანიკური ბაღი, გარდა საგანმანათლებლო მიმართულებისა, იქნება გასართობი და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილი, სადაც სხვადასხვა ატრაქცია, ზიპლაინი, საბავშვო სივრცეები მოეწყობა“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში ხდება სხვადასხვა სახეობის მცენარეთა შემოტანა ალპინარიუმის და სანერგის მრავალფეროვნების შესაქმნელად.
გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის და მწვანე ტბის განვითარება უდიდეს მნიშვნელობას იძენს კურორტ გოდერძზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.