აგვისტოდან ბუდაპეშტის ცაზე, ღამით ფრენებზე, შეზღუდვები წესდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Rynek Lotniczy ავრცელებს. ბუდაპეშტის ფრანც-ლისტის საერთაშორისო აეროპორტში აფრენა და დაფრენა 12:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება.
აეროპორტში ღამით ფრენების აკრძალვაზე, განცხადება ბუდაპეშტის მერმა გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ ღამის საათებში ბუდაპეშტის აეროპორტში თვითმფრინავების დაჯდომა მხოლოდ საგანგებო ვითარებისას იქნება შესაძლებელი, როგორიცაა ცუდი მეტეოროლოგიური პირობები, ადამიანების გატაცება, ტერაქტები, საგანგებო დაშვება, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სხვა.
იმავდროულად, ბუდაპეშტის აეროპორტში თვითმფრინავის აფრენა/დაფრენისას თუ კი ხმა დადგენილ ნორმებს გადააჭარბებს, მაშინ ავიაკომპანიას ჯარიმის გადახდა მოუწევს. ამ გზით მიღებული შემოსავლები კი ქალაქის სახლებში ხმის იზოლაციის პროგრამის დანერგვისთვის დაიხარჯება.
ბუდაპეშტის მერის განმარტებით, ადგილობრივი მთავრობის სურვილია, რომ ბუდაპეშტის მიმართულებით ავიარეისების განხორციელებისას ავიაკომპანიებმა შედარებით დაბალი ხმაურის დონის თვითმფრინავები გამოიყენონ.
“ამ მხრივ ავიაკომპანია Wizz Air-ი ლიდერობს, რომლის ახალი ხომალდებიც 2-ჯერ ნაკლებ ხმაურს იწვევს, ვიდრე ის მოდელები, რომელითაც ის ადრე სარგებლობდა”, განმარტავს ბუდაპეშტის მერი.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბუდაპეშტის აეროპორტმა მგზავრთნაკადის მხრივ რეკორდი დაამყარა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს ბუდაპეშტის აეროპორტი 15 მლნ მგზავრს მოემსახურა.