მიმდინარე მაისი-ივნისის პერიოდს ჯავშნების მხრივ საკმაოდ დადებით შეფასებას მივცემდი, ამბობს “დისქავერ ჯორჯიას” დამფუძნებელი ნინო კეკელიძე. ტურისტული ბიზნესი მიიჩნევს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენამ და კოვიდ-რეგულაციების მოხსნამ შედეგი უკვე გამოიღო და საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა. ნინო კეკელიძე აცხადებს, რომ სექტორი მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონს საკმაოდ დადებითი პროგნოზებით ხვდება.
“დადებითი შედეგები უკვე სახეზეა, იქედან გამომდინარე, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხნა, აღდგა რეგულარული ფრენები. შესაბამისად საჰაერო მიმოსვლის აღდგენას უკვე მოჰყავს მეტ ვიზიტორი. პირდაპირ საჰაერო ფრენები კი ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის ევროპიდან და აზიიდან ტურისტებს. რაც შეეხება ადგილობრივ დინამიკას, ვგულისხმობ სერვისების მიმწოდებელ, სასტუმროებს, მუზეუმებს, კვების ობიექტებს, გართობის ობიექტებს ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავტვირთოთ. ეს კი დადებითად აისახება მთლიანად ეკონომიკაზე. აღდგენის ტემპის თვალსაზრისით ტურიზმის ინდუსტრია აღმავლობის გზაზეა, რაც ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროდან მარტივი შესამჩნევია.
ომმა რეგიონალურ ჭრილში იქონია ნეგატიური გავლენა, მარტში მასიურად ხდებოდა ჯავშნების გაუქმება, ოღონდ გრძელვადიან პერსპექტივაში საუბარია ზაფხულის სეზონის ჯავშნებზე. რაც დაკავშირებული იყო გაურკვევლობასთან, შიშთან. თუმცა აპრილში მეტნაკლებად დაბალანსდა და შეინიშნება ზრდა. მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონს საკმაოდ დადებითი პროგნოზებით ვხვდებით”, – აცხადებს “დისქავერ ჯორჯიას” დამფუძნებელი.
ნინო კეკელიძის თქმით, დღეს მეტი აქცენტია ევროპიდან, ასევე აზიიდან.
“ხდება ახალი ტურისტული შეკვეთების გაკეთება და ამ რეგიონებიდან აქტიურად ვიღებთ ახალ ჯავშნებს. ტურის ტიპებიდან გამომდინარე უფრო დიდი ინტერესია გამაჯანსაღებელ ტურისტულ მიმართულებაზე, ასევე ეკო და აგრო მიმართულებებზე. ეს კი გარკვეულ წილად პანდემიიდანაც გამომდინარეობს, რადგან თუ ადრე უფრო მეტი მოთხოვნა იყო კულტურულ ტურებზე ახლა ეს მიდგომა შეცვლილია და მეტი დატვირთვა მოდის გამაჯანსაღებელ ტურიზმზე”, ამბობს ნინო კეკელიძე.