ესპანური სადაზღვევო კომპანია Mapfre-ს ცნობით, მოგზაურთა რიცხვი, რომლებიც ამ ზაფხულს დაკარგული ბარგის შესახებ საჩივრებს აფიქსირებენ, 2019 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.
აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს მოგზაურობის გაზრდილ მოთხოვნასთან გამკლავება კადრების დეფიციტის ფონზე უწევთ, ბარგის დაკარგვის შემთხვევების გახშირება სწორედ ამ მიზეზით აიხსნება.
სადაზღვევო კომპანიის თქმით, გაუჩინარებული ჩანთების დიდი ნაწილი საბოლოოდ არ იკარგება, რის გამოც კომპანიას კომპენსაციის გადახდა არ უწევს.
ზოგიერთი დამსვენებელი პრობლემის გადასაჭრელად ჩანთას სათვალთვალო მოწყობილობას ამაგრებს და მის გადაადგილებას თვალყურს ადევნებს.
ბარგთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბევრ მგზავრს მოუწია ფრენის გადადება ან იძულებული გახდა საკუთარი ნივთები დაეტოვებინა.
KLM, რომელიც ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში ბარგის ნაწილის მართვითაა დაკავებული, ამბობს, რომ პრობლემის მასშტაბები შემცირდა და რამდენიმე ათასი გაუჩინარებული ჩანთის ნაცვლად, ახლა ასობით ჩანთის მოძიება უწევთ, მაგრამ რეგიონში პრობლემა ისევ აქტუალურია.
ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, რომელიც წინათ ევროპის კარიბჭედ ითვლებოდა, ახლა ავიაკომპანიებს სთხოვს, შეზღუდონ ბილეთების გაყიდვა, რათა სექტემბრამდე მგზავრთა ნაკადის მომსახურება შეძლონ.
გასულ კვირას, Delta Air Lines-მა ბარგის გადასატანად ფრენა მგზავრების გარეშე განახორციელა.