საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ით დაბრუნებას ვარაუდობს. როგორც “ბიზნეს ფორმულასთან” საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა განაცხადა, ზაფხულში ფრენების აღდგენასთან ერთად ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაც იგეგმება.
“ზაფხულის სეზონისთვის გვაქვს მოლოდინი, რომ მოცულობის 40-45%-ს დავუბრუნდებით. რაც ევროპაზე მაღალია იმიტომ., რომ ჩვენი საავიაციო ბაზარი ზოგადად სწრაფად მზარდია და რეგერენაციის კუთხითაც ეს მოქნილობა გამოიჩინა და გამოიჩენს დარწმუნებულნი ვართ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრი ავიაკომპანიაა დაინტერესებული საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებით. პანდემიის მიუხედავად გვყავს ახალი ავიაკომპანიებიც.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირებას იწყება ქართული ავიაბაზრისათვის აბსოლუტურად ახალი ავიაკომპანია FlyArystan-ი, რომელიც არის ყაზახური პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.
ასევე აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი, რომელთანაც მოლაპარაკებები 3 წელი მიმდინარეობდა. ამ ავიაკომპანიასთან მიმართებაში საკმაოდ გრძელვადიანი გეგმები და დადებითი მოლოდონი გაქვს.
მესამე ახალი ავიაკომპანია, რომელიც 2021 წელს შემოდის საქართველოს ავიაბაზარზე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ა, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით გეგმავს ფრენებს”, განმარტა ვაკო ჭილაშვილმა.
საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერის განმარტებით, საქართველოს ავიაბაზარს უცხოური ავიაკომპანიები ნელ-ნელა უბრუნდებიან და წლის ბოლომდე ქვეყნის ავიაბაზარი30-მდე ავიაკომპანიით იქნება წარმოდგენილი
“როგორც გლობალურად ასევე საქართველოშიც 2021 წლის ზაფხულიდან საავიაციო ბაზარზე დადებითი ძვრები შეინიშნება. მარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აპრილიდან, ანუ როცა რეალურად იწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, რეისების განხორციელება დაიწყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. 18 აპრილიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების განხორციელებას Wizz Air-ი განაახლებს”, განაცხადა საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა.