საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 8.5%-ით არის მოსალოდნელი სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და მომსახურების სფეროს გააქტიურების კვალდაკვალ და ასევე კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნის შედეგად, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ADB-ის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზი 2021-ის განახლებული გამოცემის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს კიდევ 6.5% არის მოსალოდნელი. ანგარიშში ხაზგასმულია ეკონომიკის ძლიერი აღდგენა გასული წლის 6.2%-იანი უკუსვლის შემდეგ, რასაც 2021 წლის პირველ ნახევარში 12.7%-იანი ზრდა მოჰყვა ბიზნესებისა და ოჯახების მიმართ მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და განვითარების პარტნიორების მოცულობითი დახმარების შედეგად.

„იმედისმომცემი ზრდის მაჩენებლებითა და ოპტიმისტური ბიზნეს-მოლოდინებით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე და მომავალ წელს პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს, მაგრამ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციის დაჩქარებული ტემპის მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებაც. ADB სრულად უჭერს მხარს საქართველოს კოვიდ-19-ის დაძლევასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაში”, – განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

კერძო მოხმარების ზრდამ, საკვების, სასმელის და სამრეწველო მარაგის წმინდა ექსპორტის 15%-იანმა მატებამ და სახელმწიფო საინვესტიციო ხარჯვამ, რომელმაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 8% შეადგინა, ყველაფერმა ჯამში გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე. ივნისში სახმელეთო საზღვრების გახსნამ გააჩინა უცხოური ვალუტის დაჩქარებული შემოდინების მოლოდინი.

მიუხედავად ამისა, მაინც გაიზარდა ინფლაცია, რასაც მარტიდან მოყოლებული ფასების სწრაფი მატება მოჰყვა საკვებზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტსა და კომუნალურ გადასახადებზე—გაზრდილი იმპორტის ფასებისა და ზოგიერთი მიმართულებით სუბსიდირების მოხსნის ფონზე. აზიის განვითარების განახლებული პროგნოზი 2021 წელს ინფლაციის 9.5%-მდე გაზრდას და მომავალ წელს 4%-მდე შემცირებას ვარაუდობს.

ეკონომიკური ზრდის მიუხედავად მაინც გაიზარდა როგორც უმუშევრობის, ასევე აბსოლუტური სიღარიბის დონე. 2021 წლის პირველ კვარტალში თითოეულმა მაჩვენებელმა 3%-ით მოიმატა და შესაბამისად 21.9% და 21.3% შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მცირედით იკლო 2020 წლის პირველი კვარტლის მშპ-ს 11.2%-იანი მაჩვენებლიდან 2021 წლის იმავე პერიოდის 10.7%-მდე, უმეტესად სპილენძის მადნისა და კონცენტრატისა და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გაზრდილი ექსპორტის შედეგად. შესაბამისად, ADB პროგნოზირებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კიდევ უფრო შემცირებას როგორც 2021, ისე 2022 წელს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.