აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ავიაციის სექტორის შეფასებასა და აეროპორტების სტრატეგიული განვითარების რეკომენდაციების შემუშავებაში დაეხმარება. როგორც ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, საუბარია მცირე ზომის პროექტზე, რომელიც საკონსულტაციო და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.
“კვლევა შეისწავლის აეროპორტების ამჟამინდელ სიმძლავრეს, შექმნის სამომავლო ბაზრის მოთხოვნის პროგნოზს, განიხილავს საჭიროებებს არსებული აეროპორტების შესაძლო გაფართოებისა ან გადაადგილების თაობაზე, ასევე შეისწავლის ახალი აეროპორტების განვითარების შესაძლებლობებს“, – წერია შეტყობინებაში.
ADB-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კვლევა შეისწავლის აეროპორტების მუშაობის სხვადასხვა სქემას, რომელიც შეიძლება იყოს რელევანტური თითოეული აეროპორტისთვის. ამ მიმართულებით კი აქცენტი კერძო სექტორის ჩართულობის, ანუ კონცესიის შესაძლებლობაზე გაკეთდება.
“პროექტის შედეგად შემუშავდება აეროპორტების სექტორის ყოვლისმომცველი შეფასება სტრატეგიული რეკომენდაციებით, რაც დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას გააცოცხლოს სექტორი COVID-19-ის ზემოქმედების შემდეგ და გამოიყენოს გრძელვადიანი ზრდის შესაძლებლობები“, – წერია ADB-ს საიტზე.
არსებული ინფორმაციით, პროექტისთვის საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, უშუალოდ პროექტი კი 2022 წლის იანვარში, ობიექტების მონახულებით უნდა დაიწყოს.