სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან ორგანიზებულ ჩამოყვანას სუბსიდირებული ფასებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეს დავალება მთავრობის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს და ორშაბათს უკვე ფრენების კონკრეტული გრაფიკი და ლოკაციები გამოქვეყნდება.
„დღეს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება – საუბარია იმაზე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროთან ერთად, უნდა ვიმუშაოთ ავიაკომპანიებთან და ორშაბათს უკვე გამოვაქვეყნოთ კონკრეტული გრაფიკი და ლოკაციები, საიდანაც კვლავაც, როგორც ამას აქამდე ვახორციელებდით, ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი, სუბსიდირებული ფასებით მოხდება ჩვენი ემიგრანტების, თანამოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან. ეს პროგრამა პანდემიის პერიოდშიც ძალიან აქტიურად და წარმატებით ხორციელდებოდა – გეგმაზომიური გამოყვანა და არა სტიქიური, საითკენაც ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი მოგვიწოდებს, უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ადამიანები დროულად მოხვდნენ საქართველოში”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უსაფრთხოდ განხორციელდეს და არ მოხდეს დამატებითი ეპიდემიოლოგიური ზეწოლა ქვეყნის მოსახლეობაზე.
მინისტრის განმარტებით, საქართველოში დაბრუნების შემდგომ ყველას ექნება კარანტინის გავლის შესაძლებლობა – სახელმწიფოს დაფინანსებით.
„ჩვენ ორშაბათს უკვე დავასახელებთ ამ ლოკაციებს და ეს იქნება ძალიან ნათელი, ყველასთან შეთანხმებული გრაფიკი. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბილეთები შედარებით იაფად, სუბსიდირებულ ფასად შეიძინონ და აგრეთვე ეცოდინებათ, საიდან და როდის, რომელი ავიაკომპანიით შეძლებენ ჩამოსვლას”, – აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ პროგრამის განხორცილებისას მაქსიმალურად იქნება დაცული კონკურენციის პრინციპი, შესაბამისად, მასში რამდენიმე ავიაკომპანია ჩაერთვება.
„ჩვენ, მათ შორის ჩვენი სამინისტრო, ყოველთვის ვიყავით მომხრე საავიაცო დარგში მეტი კონკურენციისა – ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენს ბაზაზე Wizz Air-ი გაფართოებულიყო, შემოსულიყო კომპანია Ryanair-ი, ასევე სხვა ავიაკომპანიები და აქაც ამ პრინციპს მაქსიმალურად დავიცავთ – ეს იქნება რამდენიმე კომპანიის მონაწილეობით შესრულებული პროგრამა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.