ისრაელის კომპანია AclassA TRAVELERS საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის განვითარებას იწყებს. ის მოიცავს როგორც მოგზაურობას, ასევე აქტიურ დასვენებას.

ტურიზმის ეს სახეობა დამსვენებლთა იმ კატეგორიაზეა ორიენტირებული, რომელიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ახალ-ახალი სარისკო და ზღაპრული ობიექტებისა (მთები, ტბები, კანიონები…) და გართობის ძიებაშია. მათთვის საქართველო, თავისი უნიკალური ბუნებითა და მთებით, მსოფლიო ექსტრემალური ტურიზმის რუკაზე სიახლეა. ტრადიციულად, ექსტრიმ ტურების ძირითადი მომხმარებელი ფინანსურად შეძლებული ადამიანები არიან.

მსოფლიოში ექსტრემალური ტურიზმის პოპულარობა არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. ამჟამად მსოფლიოში ექსტრემალთა რიცხვი რამდენიმე მილიონს აღემატება.

დღეს რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში AclassA TRAVELERS-მა ტურებისა და ატრაქციონების პრეზენტაცია გამართა, ტურები კი დღეიდან დაიწყო.

კომპანიას ექსტრიმ ტურებისთვის სპეცმანქანები ისრაელიდან შემოიყვანა. კომპანიის წარმომადგენელი ასაფ არცი საქართველოთი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ თბილისში ჩატარებული საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმზე დაინტერესდა. ის ისრაელში ცნობილია, როგორც სპეცმანქანების დისტრიბიუტორი.

კომპანიის მფლობელობაშია ექსტრიმ ჯიპები, რალის მანქანები, ვერტმფრენები და სხვა სპეცტექნიკა. მან უკვე განახორციელა 1 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია და ერთდროულად შეძლებს რამდენიმე ათეული ტურისტის მომსახურებას.

ექსტრემალური ტური ორგანიზებულად მიმდინარეობს. ტურს მიყვება სატვირთო მანქანა, რომელსაც გადააქვს ერთი ექსტრიმ ჯიპი, რომელიც რეზერვის როლს ასრულებს.

ისრაელის კომპანია აპირებს საქართველოში განავითაროს ექსტრემალური ტურიზმის რამდენიმე წამყვანი სახეობა, მათ შორის ჯიპტური, ალპინიზმი, დაივინგი (ყვინთვა), პარაშუტით ხტომა, პარაპლანერიზმი, მთებიდან მოტოციკლით დაშვება, ნადირობა

ექსტრემალური ტურები საქართველოში დღეიდან დაიწყო და ის ძირითადად მთაში განხორციელდება. ტურის ფასები 299 დოლარიდან 4999 დოლარამდეა.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ტურიზმის ამ ძვირადღირებული სახეობის – ექსტრიმტურების განვითარებაში. საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ისრაელის კომპანიის მიერ საქართველოში ასეთი ტურების დაწყება მსოფლიოს სულ სხვა საქართველოს გააცნობს და ამასთან მოიზიდავს შეძლებულ ტურისტებს.