აბუ-დაბის ხელისუფლებამ ახალი უნიკალური პროექტი დაანონსა – მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის მქონე კოგნიტური ქალაქი – Aion Sentia. მისი შექმნა 3.3 მილიარდი დოლარი დაჯდება, ხოლო გაშვება 2027 წლისთვისაა დაგეგმილი.

Aion Sentia – არაბთა გაერთიანებული საამიროების ხედვის ნაწილია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ცხოვრების ყველა ასპექტში ინტეგრირებას ისახავს მიზნად. პროექტი აბუ დაბიში დაფუძნებულ Bold Technologies-სა და იტალიურ Aion Inc.-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილია.

ახალი ქალაქის მაცხოვრებლები გამოიყენებენ ინოვაციურ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მობილურ აპლიკაციას, MAIA-ს, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული მართვის არქიტექტურაში, ინფრასტრუქტურასა და ყოველდღიურ პროცესებში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ჭკვიანი სახლის სისტემებსა და ჯანდაცვაში.

MAIA მომხმარებლებს ერთი ინტერფეისის საშუალებით სამთავრობო სერვისებთან, ორგანიზაციებთან და პირად მოწყობილობებთანაც კი დააკავშირებს. ასე რომ, იქნება ეს ვახშმისთვის მაგიდის დაჯავშნა, ენერგიის მოხმარების მონიტორინგი თუ თუნდაც ხელისუფლებისთვის საგანგებო სიტუაციების შესახებ რეალურ დროში სენსორული მონაცემების საფუძველზე შეტყობინების გაგზავნა, MAIA ყველაფერს დიალოგის რეჟიმში მოაგვარებს.

მთავრობის პროგნოზით, 2027 წლისთვის Aion Sentia-ს წვლილი აბუ-დაბის მშპ-ში 6.5 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. გარდა ამისა, პროექტის განხორციელება 5000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს. აბუ დაბის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის ქალაქის გამოცდილება მთელ მსოფლიოში გავრცელდება.