პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის: ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.
საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები, რომელიც პანდემიის დაწყებისას შეწყდა, ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით აღდგება.
რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქს, ვენის მიმართულებით რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება.
ბერლინში მოხვედრა კი ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით კვლავ დაემატება.