ავიაკომპანია Geo Sky კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ავიაციის პოპულარიზაციისა და მომავალი ავიატორების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლიდან სტიპენდიანტების პროგრამას ახორციელებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში წარჩინებული და სოციალურად შეჭირვებული სტუდენტებისთვის. სამხედრო მფრინავის ომარ ქორთოშიძის სახელობის სტიპენდია დღეს საინჟინრო ფაკულტეტის სამ სტუდენტს გადაეცა.

როგორც Geo Sky-ს ვიცე პრეზიდენტი შალვა კიკნაძე განმარტავს, ავიაკომპანიასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვთ.

„ავიაკომპანია Geo Sky მაქსიმალურად ცდილობს თავისი წარმატება გაუნაწილოს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიას, დარგებს. განსაკუთრებით კი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების მომზადებაში.

აქედან გამომდინარე 1 წელია, რაც Geo Sky-მ სამხედრო მფრინავის ომარ ქორთოშიძის სახელობის სტიპენდია დააწესა, რომელიც ყოველთვიურად გადაეცემა 3 წარჩინებულ სტუდენტს. ეს სტუდენტები განისაზღვრება მათი წარმატების შესაბამისად, ყოველი სემესტრის დახურვის შემდეგ. ავიაკომპანია  მაქსიმალურადაა ჩართული საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროგრამების შემუშავებაში, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე დიდი იმედი გაქვს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გავზრდით და გავაფართოვებთ ჩვენს სოციალურ პროგრამებსა და სოციალურ აქტიობებს სამოქალაქო ავიაციის განხრით“, აცხადებს შალვა კიკნაძე.

Geo Sky-ს მიერ დაწესებული სტიპენდიის მიღების შანსი აქვს უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს, ფაკულტეტების მიუხედავად.

„სამოქალაქო ავიაციაში ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია, როგორც საფრენოსნო ასევე ტექნიკური, მენეჯმენტი და სხვა დარგები – აქედან გამომდინარე ყველა სტუდენტი ჩართულია ჩვენს პროგრამაში. გვქონია შემთხვევა, როდესაც სტიპენდია გაიცემა სტუდენტზე შემდგომ სემესტშიც, რადგანაც ის კვლავ წარჩინებულად აგრძელებს სწავლას. ჩვენს ავიაკომპანიას საავიაციო უნივერსიტეტთან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება გააჩნია, ჩვენ გაქვს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები Geo Sky-ში გადიან პრაქტიკულ სწავლებებს, რომლის გაფართოებასაც სამომავლოდ ისევ ვგეგმავთ. შემიძლია გითხრათ, რომ დღეისათვის პრაქტიკაზე მოსული სტუდენტებიდან დღეს 3 უკვე ჩვენი თანამშრომელია“, განმარტავს შალვა კიკნაძე.

“ავიაკომპანია Geo Sky-ს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ გადასცეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს დამსახურებული სამხედრო მფრინავის ომარ ქორთოშიძის სახელობის სტიპენდია არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ შრომა და საკუთარი საქმის სიყვარული ფასდება, რაც მაძლევს საბაბს იმისა, რომ უფრო მეტი მონდომებითა და გულმოდგინებით გავაგრძელო სწავლა და შემდგომში მოვახმარო ჩემი ცოდნა ქართული ავიაციის განვითარებას. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ავიაკომპანია Geo Sky-ს დამფუძნებელს, ბატონ ზაურ ქორთოშიძეს ჩვენი წახალისებისთვის და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ სერგო ტეფნაძეს. მე უკვე ზედიზედ მეორე სემესტრია რაც ამ სტიპენდიას ვიღებ და მომავალშიც შევეცდები რომ მონდომებით გავაგრძელო სწავლა“, – აღნიშნა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტიპენდიანტმა  გიორგი ნერსეზაშვილმა.

Geo Sky-ს მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას პრაქტიკები გაიარონ მოქმედ მაღალკვალიფიციურ ავიატორებთან.

„ავიაკომპანია Geo Sky-სა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ავიაკომპანია აქტიურადაა ჩართული როგორც პროგრამების განხორციელების ნაწილში, როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული თვალსაზრისით. მათი მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ამ კუთხით, პრაქტიკული ბაზის გაძლიერების სტიპენდიების დანიშვნის, პრაქტიკის გავლისა და დასაქმების ნაწილში. 

რაც შეეხება უშუალოდ სტუდენტთა სტიპენდიებით დაჯილდოებას, ეს უშუალოდ არის დამსახურებული ავიატორის, გამოჩენილი სამხედრო მფრინავის ბატონი ომარ ქორთოშიძის სახელობის სტიპენდია, რომელიც ენიშნება ყოველ სემესტრულად ჩვენი უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს. შერჩევა სტუდენტების ხდება ერთობლივად ავიაკომპანიისა და უნივერსიტეტის მხრიდან, სადაც გათვალისწინებულია როგორც მათი აკადემიური მიღწევების ასევე სოციალური მდგომარეობის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტთა მოტივაციისა და მათი შემდგომი დასაქმების კუთხით“, – აცხადებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი ნიკა თიკანაშვილი. მისი განმარტებითვე, მსგავს პროექტებში ჩართულია ასევე ავიაკომპანია TCA.

სოციალური პროექტის ფარგლებში  ავიაკომპანია Geo Sky-ს ასევე, დაგეგმილი აქვს განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ავიაციით დაინტერესებული მოქალაქეებისათვის შეხვედრა-სემინარები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. სემინარებს წარუძღვებიან ავიაკომპანიის მოქმედი, გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ავიატორები.

“ჩენ გვიყვარს ჩვენი საქმე შესაბამისად გვინდა, რომ ავიაციის სფეროში არსებული პროფესიები იყოს პოპულარული ახალგაზარდა თაობაში. ავიაკომპანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღზარდოს პროფესიონალი ავიატორების ახალი თაობა“ – აღნიშნა ავიაკომპანია Geo Sky-ს ვიცე პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ.