საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში, „IBTM World Barcelona 2026“ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნულ სტენდთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 10-მდე ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.

ვიზიტორები სამი დღის განმავლობაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებსა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობოდნენ. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები. საქართველოს სტენდთან გამართულ აქტივობებს ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია ესწრებოდა.

„IBTM World Barcelona“ მსოფლიოში საქმიანი (MICE) ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური პლატფორმაა. წლევანდელ გამოფენაში 2 500-ზე მეტი კომპანია და ტურისტული მიმართულება და 12 000-ზე მეტი სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გლობალურ ბაზარზე ქვეყნის საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენას, უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გაღრმავებასა და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.