იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Tourism EXPO Japan გაიმართა.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა იაპონიის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, PR და მარკეტინგულ სააგენტოებთან, წამყვან ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან.
შეხვედრებზე იაპონიიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა და იაპონურ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივებს, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და საქართველოს, როგორც ოთხი სეზონის მიმართულების პოზიციონირებას.
პარალელურად, საქართველოს სტენდზე მოეწყო პრეზენტაციები, სადაც იაპონური მედიისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ პროდუქტებს.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის ათამდე კომპანია მონაწილეობდა.
Tourism EXPO Japan-ზე 80-ზე მეტი ქვეყანა და რეგიონი იყო წარდგენილი. გამოფენაზე 1,300-ზე მეტი ტურისტული, ავიაკომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. ვიზიტორთა რაოდენობა კი დაახლოებით 180 ათასი იყო.












