95%-იანი დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მალე ახალი დიდი მიმართულება დაგვემატება, რაც ბევრ შესაძლებლობას გაგვიხსნის, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლადდანიშნული დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. მისი თქმით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმშია და ძალიან მალე რამდენიმე ავიაკომპანიასთან ახალ მიმართულებებზე გაფორმდება ხელშეკრულება.
„საზოგადოების მოლოდინია ახალ ავიაკომპანიებზე. მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ეს არის დინამიკური პროცესი, რომელიც მარტივად რომ აგიხსნათ ავიაკომპანიისა და აეროპორტის კომუნიკაციიდან დაახლოებით 2 წელი სჭირდება, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. დღესაც რამდენიმე ავიაკომპანიასთან გაქვს პროგრესი თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კომერციული მოლაპარაკებები ძალიან სენსიტიურია ავიაკომპანიებისთვის ამის გაჟღერება. თუმცა გაძლევთ პირობას, რომ ძალიან მალე რამდენიმე ავიაკომპანიასთან ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას. 95%-იანი დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მალე დიდი ახალი მიმართულება დაგვემატება, რაც ბევრ შესაძლებლობას გაგვიხსნის“, – განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ქართული ავიაცია და საქართველოს ბაზარი ძალიან პროპორციულად არის გადანაწილებული.
„იცით, რომ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების არის TAV Georgia-ს ოპერირების ქვეშ, რაც ერთის მხრივ ჩვენთვის ძალიან დიდი კომფორტია. თუმცა მეორეს მხრივ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვესაუბროთ ისეთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს როგორიც არის Wizz Air და სხვა. საქართველოს ავიაბაზარი ევროპის მასშტაბით დღეს არის ყველაზე მზარდი, თუ პირველი არა და ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი ტენდენცია გვიკავია. ამის დასტურია 2022 წლის მაჩვენებლები, 98%-იანი აღდგენაა. ეს კი იმაზე მეტია, რაც რაც პროგნოზირებული იყო. ის, რომ 2023 წლის ივლისში Wizz Air მესამე ბაზას აბრუნებს ეს მიმაჩნია რომ არის იმის დასტური, რომ პროცესები სწორად ვითარდება“, – აღნიშნა ქარქაშაძემ.