უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი თბილისიდან კიევის მიმართულებით მორიგ სარეპატრაციიო რეისს შეასრულებს. სპეცრეისი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე 9 აგვისტოს იგეგმება.
აღნიშნული რეისით ავიაკომპანია მგზავრების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოახდენს და შესაბამისად ბილეთებიც მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე იყიდება. თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს.
აღსანიშნავია, რომ ივლისში SkyUp Airlines-ის პირველი სპეცრეისი 16 ივლისს შესრულდა, ხოლო მეორე – 23 ივლისს.
SkyUp Airlines-ის სპეცრეისის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოში SkyUp Airlines-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან, კომპანია “ავიაქსელში”. (+995 32 2 999 888 mail: info@avianet.ge).
როგორც ცნობილია, უკრაინამ მის ტერიტორიაზე შემსვლელი საკუთარი მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის ახალი წესები აამოქმედა – საქართველო ე.წ. „წითელი“ ზონის ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.
კონკრეტულად კი, უკრაინაში პირველი აგვისტოდან „მწვანე“ და „წითელი“ ზონის ქვეყნების კლასიფიცირების ახალი სისტემა ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალში სვამს იმ სახლმწიფოებს, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე აჭარბებს უკრაინის ანალოგიურ მონაცემს, ან თუ გასული 14 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. მანამდე უკრაინა სხვა ქვეყნებში ყოველ 100 000 მოსახლეზე აქტიური შემთხვევების რაოდენობით ხელმძღვანელობდა.
ახალი წესების თანახმად, ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებიდან უკრაინაში ჩამსვლელმა მგზავრებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევის პოლისი და ისინი თვითიზოლაციისა და COVID-19-ზე ტესტის ჩატარების გარეშე შეძლებენ ქვეყანაში შესვლას. ხოლო ის უკრაინელები და უცხოელები, რომლებიც ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ჩადიან, 14 დღიანი იზოლაციის პერიოდი უნდა გაიარონ ან ერთი დღე-ღამის განმავლობაში PCR ტესტი ჩაიტარონ, ან უკრაინის ტერიტორიაზე უკვე ტესტის გამზადებული პასუხებით შევიდნენ, რომელიც საზღვრის გადაკვეთამდე არა უმეტეს 48 საათის განმავლობაში იქნება ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines-მა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო რეგულარული ფრენების შეზღუდვის შემდეგ 2 სპეცრეისი უკვე განახორციელა.