8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით ფრენებს ვეღარ განახორციელებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთის ტრანსპორტის სამინისტროში ადასტურებენ. ფრენების შეჩერების მიზეზად, ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება სახელდება.

რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ასრულებენ რეისებს და 8 ივლისიდან ფრენების შეწყვეტა მოუწევთ, მგზავრებს წინასწარ შეძენილი ავიაბილეთების საფასურს დაუბრუნებენ. ავიაკომპანიებმა შესაბამისი ინფორმაცია მგზავრებს უკვე მიაწოდეს და ცხელი ხაზის ამოქმედებაც დაანონსეს.

ავიაკომპანიებმა Ural Airlines-მაAeroflot-მა, S7-მა, Red Wings-მა, Pobeda Airlines-მა და Smartavia-მ 8 ივლისის შემდეგ პერიოდზე ავიაბილეთების რეალიზაცია შეწყვიტეს, თუმცა პირობა დადეს, რომ 8 ივლისამდე ფრენებს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით განახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა.

პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე ავალებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული ქმედებები უზრუნველყოს.