საქართველოს აეროპორტებმა 2024 წელს პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 43%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში  7 450 652 მგზავრს მოემსახურა, რაც 24%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 68%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წელს 5 209 466 მგზავრს მოემსახურა, 2022 წელს 4 441 316 მგზავრს, 2023 წელს 6 013 995 მგზავრს, ხოლო 2024 წელს კი 7 450 652 მგზავრს.

2024 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4 750 425 მგზავრს მოემსახურა, რაც 29%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის განმავლობაში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი  3 694 052 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 2 998 785 მგზავრს, ხოლო 2019 წელს კი 3 692 136 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წელს 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 29%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 58%-იანი ზრდა.

2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 52%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 951 766 მგზავრი გაატარა, რაც 53%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 621 514 მგზავრს, 2022 წელს 616 885 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-დეკემბერში კი 624 151 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 97%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წელს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 116%-იანი ზრდა.

2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 873 616 მგზავრს მოემსახურა, 2022 წელს 796 063 მგზავრს, 2023 წელს 1 671 198 მგზავრს, ხოლო 2024 წლის განმავლობაში კი  1 722 804 მგზავრს.