ამერიკელმა მგზავრმა ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში ავიაკომპანია ა EgyptAir-ს უჩივლა და მოითხოვა 5 მილიონი დოლარის კომპენსაცია სერიოზული დამწვრობისთვის, რომელიც მას ფრენის დროს ცხელი ჩაის დაღვრისას მიადგა. ინციდენტი 2024 წლის 18 თებერვალს ნიუ-იორკიდან კაიროს მიმართულებით ფრენისას მოხდა. სასმელების მირთმევისას თვითმფრინავი ტურბულენტობის ზონას მოხვდა და ჩაი, რომელსაც თავღია ჭიქაში ესხა მგზავრს გადაესხა.
სარჩელიდან ცნობილი ინფორმაციის თანახმად, მანჰეტენის მაცხოვრებელ 35 წლის მგზავრს დამწვრობა მუცლის ქვედა არეში, მარჯვენა ბარძაყისა და დუნდულების არეში აქვს მიყენებული. მისი განცხადებით, ბორტგამცილებელმა არ შეწყვიტა მომსახურება და არ გააფრთხილა მგზავრები ტურბულენტობის შესახებ, თუმცა მათ ამის შესახებ სავარაუდოდ იცოდნენ. უფრო მეტიც, ინციდენტის კიდევ ერთი მიზეზი გაუმართავი დასაკეცი მაგიდა გახდა, რომელზეც სასმელი იყო განთავსებული – მისი გაუმართაობის გამო, ჩაის ჭიქა ამოტრიალდა.
მგზავრის ადვოკატი ამტკიცებს, რომ EgyptAir-ს შეეძლო თავიდან აეცილებინა დაზიანებები, თუ ცხელი სასმელებისთვის სახურავებს გამოიყენებდა და მაგიდების მდგომარეობას შეამოწმებდა.
ავიაკომპანიებს მსგავსი პრეტენზიები წარსულშიც ჰქონდათ: გასულ წელს Lufthansa-მ მგზავრს 500 ევროს კომპენსაცია შესთავაზა მას შემდეგ, რაც ბორტგამცილებელმა მას ცხელი ყავა გადაასხა. 2022 წელს კი, დიდ ბრიტანეთში, Ryanair დათანხმდა 3500 ფუნტის ოდენობის ანაზღაურებას მას შემდეგ, რაც ბორტგამცილებელმა, სავარაუდოდ, ვერ დაამაგრა ცხელი ჩაის ჭიქის სახურავი, რომელიც დაიღვარა და რვა წლის ბავშვს ფეხების დამწვრობა მიაყენა.