ბაჰრეინმა და ქუვეითმა გააუქმეს სამოქალაქო ავიაციის ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები თავიანთ საჰაერო სივრცეში. შეზღუდვები ძალაში იყო მას შემდეგ, რაც ირანმა სარაკეტო იერიში მიაყენა ამერიკულ სამხედრო ბაზას კატარში.
როგორც Report იუწყება, აღნიშნული ინფორმაცია ორივე ქვეყნის ავიაციის უწყებებმა დაადასტურეს.
დუბაის აეროპორტებმაც განაახლეს სრულფასოვანი მუშაობა ხანმოკლე პაუზის შემდეგ. თუმცა, მთავრობის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით მიღებული დროებითი შეზღუდვების შედეგად, გარკვეული რეისების დაგვიანება ან გაუქმება შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს.
„დუბაის აეროპორტებმა მუშაობა სრულად განაახლეს. ისინი თანამშრომლობენ ავიაკომპანიებთან, რათა განრიგით გათვალისწინებული ფრენები შეუფერხებლად შესრულდეს, თუმცა ზოგიერთ რეისზე მოსალოდნელია დაგვიანება ან გაუქმება,“ — ნათქვამია ემირატების მთავრობის განცხადებაში.
ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები მოგვიანებით მოხსნა კატარმაც.
„სამოქალაქო ავიაციის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ კატარის საჰაერო სივრცეში ფრენები სრულად აღდგა. ვითარება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც შესაბამის ორგანოებთან კოორდინაციით გატარდა საჭირო ღონისძიებები,“ — აღნიშნულია რეგულატორის განცხადებაში.












