სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების გენერალურ დირექტორთა შეხვედრაში (DGCA/164) მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მასპინძლობით ქალაქ კრაკოვში გაიმართა და მას ECAC-ის წევრი სახელმწიფოებისა და წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების ოთხმოცზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.
შეხვედრაზე, მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპის რეგიონისათვის მნიშვნელოვან საკითხებსა და თანამშრომლობის პროექტებზე. მხარეებმა მოისმინეს როგორც ECAC-ის, ისე მოწვეული საერთაშორისო ორგანიზაციების – EASA-ს და EUROCONTROL-ის მოხსენებები ბოლოდროინდელ მიღწევებსა და სტანდარტების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
ასევე, დღის წესრიგის ერთ-ერთ ძირითად საკითხს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 42-ე ასამბლეისთვის მზადება და აღნიშნული ღონისძიებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე პოზიციების შეჯერება წარმოადგენდა.