Georgian Airways-მა თბილისიდან ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო.
ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისიდან იტალიის ქალაქ – ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.
26 აპრილიდან, Georgian Airways რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.
შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.
ფორლი იტალიის სამეციდინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო ჩექაპს, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპა-ცენტრებს.
თბილისი-ფორლი- თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის”
გენერალური დირექტორის მოადგილემ ცისია ფანჩვიძემ, იტალიის ელჩის მოადგილე – ფაბიოლა ლებანესემ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა – ლევან მოსეშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და “ტავ ჯორჯიას” წარმომადგენლები.
Georgian Airways ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში და ლარნაკაში.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airways ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.