ალმატის აეროპორტში ახალი საერთაშორისო ტერმინალის პრეზენტაცია გაიმართა. მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 14 მილიონი მგზავრი იქნება. პროექტში 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ–ჟომარტ ტოკაევმა, რომელიც ობიექტის გახსნას ესწრებოდა, TAV Airports-ს მშენებლობის დასრულებისა და პროექტში ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა.
ტერმინალის საერთო ფართობი 53,5 ათასი კვ/მ-ია. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 50 სარეგისტრაციო დახლი. ტერმინალი ასევე სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. შენობა აშენდა სეისმური და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით და შეუძლია გაუძლოს 10 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას.
ცნობილია, რომ საერთაშორისო ტრაფიკი ახლა ახალ ტერმინალში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც ძველი ტერმინალის შენობა ექსკლუზიურად შიდა ტრაფიკს მოემსახურება.
1935 წელს აშენებული, ალმატის აეროპორტი დღეს ითვლება ყველაზე დატვირთულ სატრანსპორტო ცენტრად ცენტრალურ აზიაში და ეროვნული ავიაკომპანიების Air Astana-სა და Scat-ის ბაზად.
TAV Airports-ის წარმომადგენლის თქმით, აეროპორტი უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს და მგზავრებს მსოფლიო დონის სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს.
„ალმატი არის ქვეყნის უდიდესი ქალაქი, რომლის წვლილი ყაზახეთის მშპ-ში 20%-ია.
სულ რაღაც სამ წელიწადში, ამ აეროპორტის მარშრუტების ქსელი თითქმის გაორმაგდა, სამგზავრო ავიაკომპანიების რაოდენობა 24-დან 37-მდე გაიზარდა, ხოლო სატვირთო ავიაკომპანიების 9-დან 16-მდე“- თქვა TAV Airports-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სერკან კაპტანმა.
2019 წელს ალმატის აეროპორტი 6,4 მილიონ მგზავრს მოემსახურა. 2023 წელს მან 9,5 მილიონი მგზავრი მიიღო, რაც 32%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან.