თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან პირველი პირდაპირი ფრენა ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა შეასრულა. ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის და ვენა არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება, როგორც ტურისტული,ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მივიღეთ Austrian Airlines-ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ორწლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს კვირაში 3 სიხშირით. მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი, რაც იმის დასტურია, რომ ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისთვის, რომ ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი – 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES-ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.
1957 წელს დაფუძნებული და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70 საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.