საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ცნობილმა ისტორიკოსმა და ტელეწამყვანმა ბეთანი ჰიუზმაგადაცემისთვის „TREASURES OF THE WORLD“საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმიმოამზადა. გადაცემის მესამე სეზონი 6 აპრილს იწყება,ხოლო საქართველოს შესახებ 46 წუთიანი ფილმის პრემიერა 20 აპრილს არის დაგეგმილი.
ბეთანი ჰიუზი ფილმში „საქართველო ცივილიზაციის თასი“ აღწერს ვარძიას, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, სვანეთს, თბილისს, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არქეოლოგიურ მასალებს, ქვეყნის კულტურულ საგანძურს, ციხე-კოშკებს, ტაძრებსა და ქართულ ანბანს.
ფილმში ისტორიკოსი და ტელეწამყვანი ბეთანი ჰიუზიმაყურებელს აცნობს ლეგენდას ოქროს საწმისის შესახებ, სვანურ კოშკებს, სვანეთის ეკლესიებში დაცულ შუასაუკუნეების ხატებს, ვარძიაში მდებარე თამარის ფრესკას, ხერთვისის ციხეს, ძველი თბილისის არქიტექტურას და დმანისში აღმოჩენილ უძველეს არქეოლოგიურ ნიმუშებს.
ფილმში წარმოდგენილია ქვევრი, ქართული ღვინის წარმოების რვაათასწლიანი ისტორია, ქართული უნიკალური მუსიკა, პოლიფონიური სიმღერები და კულინარიული ტრადიციები.
ბეთანი ჰიუზის გადაცემაში „TREASURES OF THE WORLD“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და კულტურა არის წარმოდგენილი. გადაცემათა ციკლი 2021 წლიდან მზადდება და პოპულარულია როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში.