რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის (GCAA) რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან საქართველოშ ფრენების დაწყების ნებართვისთვის არ მიუმართავს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ Red Wings-ზე საქართველოს მიმართულებით დამატებითი ფრენების დაგეგმვის შესახებ წინასწარი ნებართვა გასცა.
“ირკუტსკი – თბილისის, ნოვოსიბირსკი – თბილისის , გროზნო – თბილისის, ნოვოსიბირსკი – ბათუმის, გროზნო – ბათუმის, ნოვოსიბირსკი – ქუთაისის მიმართულებებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების მოთხოვნით ავიაკომპანიას ამ ეტაპზე არ მოუმართავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის. შესაბამისად, უწყების მიერ არ არის დაწყებული ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული წარმოება და არ არის გაცემული ოპერირების დაწყებისთვის აუცილებელი ნებართვები”, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ Red Wings-ი ამ დროისათვის თბილისის მიმართულებით ფრენებს ასრულებს სანკ პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარადან და ეკატერინბურგიდან, ბათუმის მიმართულებით კი მოსკოვიდან, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს ასრულებს მოსკოვიდან და სანკტ პეტერბურგიდან.