სასტუმროს ოპერატორმა Rotana-მ საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერ Pontus Capital-თან Pontus Rotana Resort & Spa Gonio-ს მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა. საქართველოში ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Rotana-ს ბრენდის ქვეშ.

ძვირადღირებული კურორტი, რომელიც ბათუმის გარეუბანში მდებარეობს, 2026 წელს გაიხსნება.

საერთაშორისო აეროპორტი სასტუმროდან სულ რაღაც შვიდი წუთის სავალზეა, ბათუმის ცენტრი 14 წუთის სავალზე, ხოლო თურქეთის საზღვარი 10 წუთის სავალზე.

„ბათუმი მართლაც ყველა სეზონის ქალაქია მომხიბლავი ბუნებრივი სილამაზით. ქართულ კულტურასა და ენას ღრმა კავშირები აქვს არაბულ სამყაროსთან, რაც ბუნებრივს ხდის ჩვენს პარტნიორობას Rotana-სთან“, – განაცხადა Pontus Capital-ის მმართველმა დირექტორმა ირაკლი ვარშალომიძემ.

ახალი სასტუმრო, რომელიც ტრადიციულ არქიტექტურასა და თანამედროვე სტილს აერთიანებს, 600 ნომერს მოიცავს. პროექტი ითვალისწინებს ასევე კერძო პლაჟს, რესტორნებს, სპა-ს, დახურულ და გარე აუზებს, ჯანმრთელობისა და ფიტნეს ცენტრს და ბავშვთა ინტერაქტიულ სათამაშო ზონას.

„მოდური არქიტექტურის, მრავალფეროვანი რესტორნითა და ზღვისპირა რეზიდენციებით, Pontus Rotana Resort & Spa-ს სტუმრები შეიგრძნობენ ჩვენს საფირმო პრინციპს “ძვირფასი დრო“, – თქვა გაი ჰაჩინსონმა, Rotana-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

სასტუმროს ოპერატორი ამჟამად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში და თურქეთში 73 სასტუმროს მართავს, რომლებიც წელიწადში 6 მილიონზე მეტ სტუმარს ემსახურება. მხოლოდ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში Rotana-ს ბიზნეს პორტფელი მოიცავს 10012 გასაღებს 36 სასტუმროში.