ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის კიდევ უფრო ზრდა და მომავალი წლის გეგმები – ეს იყო სამუშაო შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხები. როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, კომპანიასთან თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება, მათ შორის ახალი ავიამიმართულებების დამატების კუთხით.

„ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული და სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია Wizz Air-თან, ერთობლივი ძალისხმევით ბოლო ორი წლის განმავლობაში შევძელით და ქუთაისის აეროპორტიდან კომპანია 20-ზე მეტი ევროპული მიმართულებით ოპერირებს. დღევანდელ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის განვითარებას, მათ შორის ახალი მიმართულებების დამატებას. დარწმუნებულები ვართ, რომ ასევე ერთობლივი ძალისხმევით მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო პროექტები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. მისი ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის ზრდის პერსპექტივები და მომავალი გეგმები 2023 წლის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის.

საქართველოში გრძელვადიანი პოზიციონირების და უახლოეს წლებში კომპანიის ოპერირების გაფართოების პერსპექტივეებზე შესახებ გაამახვილა ყურადღება კომპანიის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ვლადისლავ ილინმა.

„განვიხილეთ ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და განვითარება მომავალში, კერძოდ ჩვენი ოპერირების გაფართოება უახლოეს წლებში. განვიხილეთ ის შესაძლო მარშრუტები, რომელიც შეიძლება წამოვიწყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაგიბრუნდებით სასიამოვნო სიახლეებით. ერთ-ერთი უკანასკნელი სიახლე ჩვენი მხრიდან იყო პროექტი „მოდი, დავიკარგოთ ვიზეართან“ ერთად, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოვიყვანეთ 200 ინფლუენსერი, რათა გვეჩვენებინა თქვენი ქვეყნის სილამაზე და მიმზიდველობა. ჩვენ ამით საკუთარი წვლილი შევიტანეთ თქვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში. მოუთმენლად ველით ახალ შესაძლებლობებს, რომ საქართველოში ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ“, – აღნიშნა Wizz Air-ის წარმომადგენელმა.