ავიაკომპანია Georgian Airways-ის რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება ამჯერად სექტემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ BMG-ის სასამართლოს მიერ დანიშნულმა რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველმა ნატალია პაპუაშვილმა განუცხადა.

“რეაბილიტაციის გეგმა 29 ივლისს უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა კრედიტორების გადაწყვეტილებით ეს ვადა 29 სექტემბრამდე გაგრძელდა. კრედიტორთა კრება იქნა მოწვეული და ვადამ სამი თვით გადაიწია. ამ ეტაპზე კომპანიამ რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობა ფაქტობრივად დაასრულა და ახლა თავად კრედიტორებთან თანამშრომლობის პროცესში ვართ. 29 სექტემბერი ის საბოლოო პერიოდია, როცა ეს გეგმა უნდა დამტკიცდეს. ამ დროისთვის ან გეგმა უნდა გვქონდეს დამტკიცებული, ან კომპანიას გაკოტრების რეჟიმზე გადავიყვანთ. მე, როგორც ზედამხედველს რა ინფორმაციაც მაქვს, რადგან ფინანსებზე კომპანია მაწვდის ინფორმაციას, Georgian Airways-ი მოგებაზეა და მიმდინარე ვალდებულებებიც ჩვეულებრივ სრულდება. ეს ინფორმაცია აქვს კრედიტორებსაც. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია კრედიტორებზე და იმაზე რამდენად დაეთანხმებიან ისინი კომპანიის წარმოდგენილ გეგმას”, – აცხადებს ნატალია პაპუაშვილი.

მისივე თქმით, თუ კრედიტორები Georgian Airways-ის რეაბილიტაციის გეგმას დაამტკიცებს, ამის შემდეგ კომპანიაში რეაბილიტაციის რეჟიმი წყდება და ის დამტკიცებული გეგმის მიხედვით აგრძელებს ოპერირებას. კითხვაზე რა ვადით შეიძლება დამტკიცდეს ეს გეგმა სახელმწიფოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ კანონი იძლევა იმის საშუალებას რომ ეს გეგმა რამდენიმე წელზეც შეიძლება გაიწეროს.

ცნობისთვის: Georgian Airways-მა გაკოტრება-რეაბილიტაციის პროცესი გასული წლის ბოლოს დაიწყო. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ განაცხადს წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უძღვოდა, საიდანაც ირკვევა, რომ ავიაკომპანიას 175 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, მისი აქტივების ღირებულება კი მხოლოდ 21.4 მილიონი ლარია.

კანონის თანახმად, რეაბილიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა დაერთოს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას კრედიტორები განსაზღვრავენ, თუმცა კანონის მიხედვით, 60 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ვადა შესაძლოა კრედიტორების გადაწყვეტილებით გახანგრძლივდეს, რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას კი კრედიტორთა კრება ზედამხედველობს. რეაბილიტაციის პროცესი რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისთანავე დასრულდება.