​30 სექტემბრამდე მემინგენის აეროპორტი, ასაფრენ/დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაკეტილია. ავიაკომპანია Ryanair-მა  ამ პერიოდში მემინგენის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა, ხოლო Wizz Air-მა რეისების გადამისამართება სხვადასხვა აეროპორტებზე მოახდინა.

რაც შეეხება ქუთაისი-მემინგენის რეისს, ის 30 სექტემბრამდე, უკვე გაწერილი გრაფიკის მიხედვით, ფრიდრიხსჰაფენის მიმართულებით ხორციელდება.

როგორც მემინგენის აეროპორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რეაბილიტაციის ფარგლებში ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის გაფართოება. დღეისათვის ბილიკი სიგრძეში 2981 მეტრია, ხოლო სიგანეში 30 მეტრი, რაც ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის სიგანის 45 მეტრამდე გაზრდაზე.

აეროპორტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ აეროპორტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად 2021 წლისთვის დასრულდება. იგეგმება მიწისზედა სისტემების სრული რეაბილიტაცია, საბარგო განყოფილების გაფართოება. ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე დამონტაჟდება წვიმის წყლის შემგროვებელი რეზერვუარი.