3 წლიანი პაუზის შემდეგ ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. როგორც AviaNews-ს China Southern Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს 27 იანვრიდან კვირაში ერთი სიხშირით განაახლებს, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კი მოთხოვნის მიხედვით, კვირაში 3 სიხშირით იფრენს.
ავიაკომპანია 2023 წლის 25 მარტამდე რეისებს ყოველ პარასკევს შესრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა გასული წლის 23 დეკემბერს მიანიჭა.
კოვიდპანდემიის დაწყებამდე ავიაკომპანია პეკინსა და თბილისს შორის ფრენებს ქალაქ ურუმჩის გავლით ახორციელებდა. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე China Southern Airlines-ი თბილისის მიმართულებით მხოლოდ ურუმჩიდან იფრენს, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში ზაფხულში პეკინის დამატებასაც განიხილავს.
China Southern Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში მიაჩნიათ, რომ ჩინეთში კოვიდრეგულაციების შემსუბუქება საქართველოსა და ჩინეთს შორის მგზავრთნაკადს გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს China Southern Airlines-მა თბილისის მიმართულებით 163 რეისი შეასრულა და 38725 მგზავრს მოემსახურა.
ავიაკომპანიამ ბოლო ფრენა თბილისის მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განახორციელა.
China Southern Airlines ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.
ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines 1988 წელს დაფუძნდა.
ავიაკომპანიის სათაო ოფისი გუანჯოუში მდებარეობს, ამასთან ოთხი ჰაბი მუშაობს – გუანჯოუ, პეკინი, ურუმჩი და ჩუნცინი.