საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება დიეგო კოლასს უმასპინძლა. შეხვედრაზე, მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები და მოქმედი პროექტები, ასევე საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი დინამიკა.
ლევან კარანაძემ, სტუმარს დეტალურად გააცნო ორმხრივი და საერთაშორისო პროექტები, რომელთა ფარგლებში ქვეყნები და მათი საავიაციო უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატს შორის გაფორმებული ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა, რომლის მხარდაჭერითაც სააგენტოს სპეციალისტებმა არაერთი მნიშვნელოვანი და მიზნობრივი სასწავლო კურსი გაიარეს საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სასწავლებელში (ENAC, ტულუზა).
საუბარი შეეხო ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე პროექტებს. სააგენტოს დირექტორმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობას ევროკავშირის TAIEX-ის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, კოლეგებმა ქართულ მხარეს სპეციალიზებულ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალური დირექტორის არჩევნების საკითხს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება და სადაც საფრანგეთის წარმომადგენელიც იყრის კენჭს.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ 2020 წელს, საავიაციო ბაზარს წარმატებით დაუბრუნდა წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია Air France-ი. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორ ქვეყანას შორის ფრენებზე მოთხოვნა მზარდია და შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის და მიმართულებების ზრდის პერსპექტივა საკმაოდ მაღალია.