ავიაკომპანია China Eastern Airlines დეკემბრიდან შანხაისა და ბუენოს-აირესს შორის მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისს შეასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ფრენა უწყვეტი არ იქნება, ის ერთსა და იმავე მარშრუტზე განხორციელდება.

ავიაკომპანიის განცხადებით, 4 დეკემბრიდან Boeing 777-300ER-ის ტიპის თვითმფრინავი დაახლოებით 20,000 კილომეტრს დაფარავს. შანხაიდან (ჩინეთი) ბუენოს-აირესში (არგენტინა) ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 29 საათი იქნება, რაც თითქმის მთელი დღე-ღამეა. ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.

ამ გიგანტური ფრენის დროს, თვითმფრინავი ერთხელ დაეშვება ოკლენდში (ახალი ზელანდია) საწვავის შესავსებად, ტექნიკური შემოწმებების ჩასატარებლად და ეკიპაჟის შესაცვლელად. მიუხედავად ამისა, რადგან რეისის ნომერი უცვლელი რჩება, ის პირდაპირ ფრენად ითვლება. ამგვარად, უწყვეტი ფრენის ყველაზე ხანგრძლივი მარშრუტის რეკორდი კვლავ Singapore Airlines-ის რეისს რჩება, რომელიც სინგაპურიდან ნიუ-იორკში დაფრინავს. ამ მარშრუტის ხანგრძლივობა 18.5 საათია, ხოლო მანძილი დაახლოებით 15,300 კილომეტრი.

ახალი მარშრუტი და მისი ღირებულება

შანხაიდან არგენტინის დედაქალაქამდე ფრენას დაახლოებით 25.5 საათი დასჭირდება, ხოლო უკან დაბრუნებას, ქარის მიმართულებიდან გამომდინარე, დაახლოებით 29 საათი. შუალედური დაჯდომა კი ორი საათი გაგრძელდება. China Eastern Airlines-ის განცხადებით, მათი რეისი იქნება „მსოფლიოში პირველი კომერციული მარშრუტი, რომელიც დააკავშირებს ანტიპოდურ ქალაქებს“, ანუ ქალაქებს, რომლებიც დედამიწის მოპირდაპირე მხარეებზე მდებარეობენ.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, თუმცა შეთავაზება იაფი არ არის: ეკონომ კლასის ბილეთი დაახლოებით 1500 ევრო ეღირება, ხოლო ბიზნესკლასის ბილეთის ფასი შეიძლება 4000 ევროსაც კი გადააჭარბოს. ავიაკომპანიის თქმით, ბორტზე მგზავრებს დახვდებათ კომფორტული დასაჯდომები, გასართობი პროგრამები და კვება.

პოლიტიკური დატვირთვა

ექსპერტების აზრით, ამ რეკორდული მარშრუტის უკან შესაძლოა პოლიტიკური ინტერესებიც იდგეს. ჩინეთი და არგენტინა ახალი საჰაერო გზით, სავარაუდოდ, პოლიტიკური სიახლოვის დემონსტრირებას ცდილობენ. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები მჭიდროა: ჩინეთი არგენტინიდან ძირითადად აგროპროდუქტები შეაქვს, არგენტინა კი ჩინეთიდან ავტომობილებს, დანადგარებსა და ელექტრონიკას იღებს.