მგზავრების რაოდენობის ზრდის ფონზე, ტავ ჯორჯია აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამგზავრო ტერმინალის წინ 8645მ2 ტერიტორიაზე გზისა და ავტოსადგომის ხელოვნური საფარი განახლდა. აღნიშნულ სამუშაოებში ტავ ჯორჯიამ 500 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაა. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა წლიურ ჭრილში 29%-ით გაიზარდა, ბათუმის აეროპორტში კი, რომელსაც ასევე ტავ ჯორჯია მართავს, ამ მხრივ ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – მგზავრთნაკადი 53%-ით არის გაზრდილი.
გასული 20 წლის განმავლობაში, ტავ ჯორჯიამ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენებასა და განვითარებაში 225 000 000 ამერიკულ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო. გარდა ამისა, ის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საავიაციო ბაზარზე. ამ დროისთვის ტავ ჯორჯიასა და მის შვილობილ კომპანიებში 1700-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.