ბრიტანული ავიაკომპანია Virgin Atlantic-მა პირველად ისტორიაში ლგბტ თემით დაკომპლექტებული ავიარეისის გაშვების შესახებ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა  2019 წლის 28 ივნისს ლონდონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით შესრულდება ავიარეისი, რომლის ბორტის ეკიპაჟის წევრები მთლიანად ლგბტ თემის წარმომადგენლები იქნებიან. 8 საათიანი ფრენის განმავლობაში მგზავრებს სპეციალური პროგრამის ხილვაც შეეძლებათ, რომლის წამყვანიც ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ტიტუს ბერჯესი იქნება.

რეისი ტრადიციულ შეკრებას WorldPride-ს მიეძღვნება, რომელიც ნიუ-იორკში 12 მაისიდან 30 ივნისის პერიოდში ტარდება. ავიარეისზე მოსახვედრად ბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია და ავიაბილეთის ფასი 380 გირვანქა სტერლინგიდანაა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს აშშ-ში შექმნეს პროგრამა, რომელიც განკუთვნილია არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებისათვის და საშუალებას იძლევა ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ამა თუ იმ ქალაქში თუ რეისზე ერთმანეთი იპოვონ და კომუნიკაცია დაამყარონ.