ტაილანდის სამეფოში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) ბანგკოკში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია Thai AirAsia X-ის მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელთან, ნადდა ბურანასირისთან გამართა შეხვედრა.

საელჩოს ინფორმაციით, 2019 წლის 28 დეკემბრიდან კომპანია Thai AirAsia X-ი იწყებს ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი, ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

“2019 წლის აპრილიდან ტაილანდში მგზავრობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ტაილანდის საზღვარზე აიღონ ტაილანდის ტურისტული ვიზა 15-დღიანი პერიოდით. ასევე, ძალაშია შესული და მოქმედებს მხარეებს შორის 2018 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს მთავრობებს შორის შეთანხმება დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.

საქართველოსა და ტაილანდის მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა მომავალში პირდაპირი რეგულარული რეისების დასაწყებად. ამასთან დაკავშირებით, 2019 წლის ნოემბერში ქ. თბილისში დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ასევე ტაილანდის სამოქალაქო ავიაციის უწყების წარმომადგენელთა მიერ მოლაპარაკებების გამართვა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტზე”, აცხადებენ საელჩოში.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტში საქართველოს ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნი სტუმრობდა, რომლის ვიზიტმა ასევე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტაილანდიდან საქართველოში ტურისტების ნაკადის ზრდას.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, ტაილანდიდან საქართველოს ეწვია 4,971 ვიზიტორი, რაც 110.4%-იან ზრდას შეადგენს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.