ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი კვიპროსიდან რიგით მესამე სარეპატრიაციო რეისს განახორციელებს. როგორც კვიპროსში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სპეცრეისს Georgian Airways-ი 26 მაისს განახორციელებს.
“26 მაისს კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახური საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით განახორციელებს ჩარტერულ რეისს საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციისთვის. რეისს შეასრულებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი.
☎️ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, 22 მაისის 12:00 საათამდე დაუკავშირდეთ კვიპროსის საიმიგრაციო სამსახურს შემდეგ ნომერზე: 22808862″, აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.
როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.