სატრანსპორტო პილოტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFALPA) ინიციატივით, 26 აპრილს მფრინავთა მსოფლიო დღე აღინიშნება.

დღეის მდგომარეობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული კომერციული პილოტის და ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას ფლობს 150 ავიასპეციალისტი, მათ შორის ერთი ქალია. მაგდა ქააძე ავიაკომპანია Georgian Airways-ში Boeing 737 300-900-ის მეორე პილოტია.

საქართველოში, საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო პილოტების საშუალო ასაკი 43 წელს შეადგენს.

ამჟამად მოქმედ პილოტებს შორის, ყველაზე მეტი ნაფრენი საათების მაჩვენებლებით ხანგრძლივი სტაჟის და გამოცდილების მქონე მფრინავები გამოირჩევიან: მიხეილ ჩანადირი, ავიაკომპანია Georgian Airways-ი – საერთო ნაფრენი 26 837სთ; მეთაურის რანგში 22 720 სთ, ზურაბ ყარაულაშვილი, ავიაკომპანია Geosky – საერთო ნაფრენი: 24 864:14 სთ; მეთაურის რანგში: 22 902 სთ. და რომან მანუკიანი, ავიაკომპანია Georgian Airways-ი – საერთო ნაფრენი 16 700 სთ; მეთაურის რანგში: 12 000 სთ.

მოქმედ მფრინავებს შორის ხომალდის მეთაურის რანგი აქვს 82 პილოტს, აქედან 55 თვითმფრინავის მეთაურია, ხოლო 27 ვერტმფრენის. პილოტის მოწმობის მფლობელებს შორის, ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი იან გოლოვახინი 23 წლისაა და იგი ამჟამად ავიაკომპანია Georgian Airways-შია დასაქმებული. იანი Boeing 737 300-900-ის მეორე პილოტია. თვითმფრინავის მეთაურებს შორის ყველაზე ახალგაზრდა, ამავე ავიაკომპანიის მფრინავი ნიკოლოზ ჩანადირია. ნიკოლოზი 27 წლისაა და ამჟამად 737 300-900-ის ტიპის საჰაერო ხომალდის მეთაურია.

ვერტმფრენის მფრინავებს და მეთაურებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 38 წლის გიორგი ქორიძეა. ის ავიაკომპანია „TCA Helicopters“-შია დასაქმებული და Agusta A-109 ტიპის ვერტმფრენის პილოტია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მფრინავთა მსოფლიო დღეს ულოცავს ვეტერან და მოქმედ მფრინავებს, ასევე სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად ეუფლებიან პილოტის პროფესიას.

მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის!