მოლდოვური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyone და მისი შვილობილი Flyone Armenia საქართველოს ავიაბაზარზე გეგმავენ ოპერირებას. Flyone საქართველოს მიმართულებით ფრენებს 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყებს, ხოლო Flyone Armenia კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან გეგმავს.
ავიაკომპანია Flyone Armenia ერევნიდან ფრენებს თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით განახორციელებს. ავიაკომპანიას ბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებული აქვს, საიდანაც ირკვევა, რომ ერევანი-თბილისი-ერევნის საჰაერო ხაზზე Flyone Armenia კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
ერევანი-ქუთაისი-ერევნის საჰაერო ხაზზე კი ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს რეისებს. ფრენები დაგეგმილია ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
Flyone Armenia-ს სატარიფო პოლიტიკა სამი სახის სატარიფო გეგმაზეა აგებული, ესენია Standard , Loyal და Advantage.
Flyone Armenia-ს ავიაპარკი Airbus A320-ებისგან შედგება, რომელიც 180 ადგილზე გათვლილი.
რაც შეეხება მოლდოვურ Flyone-ს ის კიშინიოვიდან ფრენებს გეგმავს, როგორც თბილისის ასევე ბათუმის მიმართულებით. წინასწარი ინფორმაციით, კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის რეისები მთელი წლის განმავლობაში შესრულდება, ხოლო კიშინიოვი-ბათუმი-კიშინიოვის რეისები კი იქნება სეზონური და ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განახორციელებს რეისებს.
აღსანიშნავია, რომ Flyone კიშინიოვი-ბათუმი-კიშინიოვის მიმართულებაზე ჩარტერულ რეისებს მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზეც გეგმავდა, თუმცა დაბალი მოთხოვნის გამო ავიაკომპანიამ გეგმა შეცვალა.