ACI World-მა 2024–2053 წლებისთვის აეროპორტების ტრაფიკის პროგნოზი  გამოაქვეყნა. ექსპერტები პროგნოზირებენ გლობალური სამგზავრო მიმოსვლის მნიშვნელოვან გრძელვადიან ზრდას.

მოსალოდნელია, რომ მსოფლიოში საჰაერო მოგზაურთა რაოდენობა 2043 წლისთვის 17,7 მილიარდს მიაღწევს, ხოლო 2053 წლისთვის 22,3 მილიარდს, რაც თითქმის 2,4-ჯერ აღემატება 2024 წლის პროგნოზს.

პოზიტიურ დინამიკას განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა განვითარებად ბაზრებზე საშუალო კლასის მგზავრობაზე მზარდი მოთხოვნა, საერთაშორისო მოგზაურობის პოპულარობა და აეროპორტის ინფრასტრუქტურაში მიმდინარე ინვესტიციები.

თუმცა, ACI World აღნიშნავს, რომ ამ ზრდას ხელს უშლის გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ეკონომიკური არასტაბილურობა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები, რამაც შეიძლება შეანელოს აღდგენა ზოგიერთ რეგიონში.

ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება, ვიდრე შიდა მიმოსვლა.

თვითმფრინავების ოპერაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და 2043 წლისთვის 149 მილიონს მიაღწევს, 2053 წლისთვის კი 176 მილიონს. აეროპორტები მთელს მსოფლიოში უნდა მოემზადონ ამ ზრდისთვის. ეს კი  ეფექტურობის გაუმჯობესებით და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებით უნდა მოხდეს, ხაზს უსვამენ მოხსენების ავტორები.