უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-სთვის ამ დროისთვის უცნობია, როდის განაახლებს ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას. როგორც Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ BM.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ავიაკომპანიისთვის ეპიდვითარებისა და არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ფრენების განახლების ზუსტი თარიღი უცნობია. ავიაკომპანია საუბრობს დაბალ მოთხოვნაზეც.
“სამწუხაროდ, ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენ არ გვაქვს არც ხომალდების პრობლემა და არც სხვა მიმართულებით ტექნიკური პრობლემები, თუმცა პანდემია იმაზე მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
კვლავ არის შეზღუდვები ქვეყნებში შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით და რომც განვაახლოთ ოპერირება და დავამატოთ ახალი მიმართულებები, პრაქტიკულად არ არის ან შეიძლება ითქვას, ძალიან მცირეა მოთხოვნა, ამიტომ 20-მდე მიმართულებაზე ფრენების შეჩერება გახდა საჭირო”, – განმარტავს რადო.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ რიგი ქვეყნებისთვის საჰაერო საზღვარი გახსნა, შეზღუდვები რჩება რიგ ევროპულ ქვეყნებში და ამ ფონზე ავიაკომპანიისთვის ოპერირება კომერციულად ხელსაყრელი არ არის.
”მოხარულები ვართ, რომ საქართველო საზღვრებს ხსნის, მაგრამ პრობლემა სხვა ქვეყნებშია, სადაც ფრენები უნდა განხორციელდეს. ვგულისხმობ, რომ თუ ფრენა სრულდება მაგალითად საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, მასპინძელმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ტურისტი შეზღუდვების გარეშე, რომ არ იყოს საჭირო კარანტინი, ან არ არსებობდეს რაიმე სხვა შეზღუდვა.
ეს საზღვრები კი კვლავ ჩაკეტილი რჩება და ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადგილობრივ ხელისუფლებებზე, ევროკავშირზე. ამიტომ მოთხოვნა კვლავ დაბალი რჩება, რამდენადაც მოსახლეობას მოგზაურობა ნაკლებად შეუძლიათ. და ჩანს, რომ ეს შეზღუდვები გარკვეული ვადით კვლავ რჩება. თუმცა, ვაგრძელებთ მონიტორინგს, მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან, საუბარს ევროკავშირის ქვეყნებთან. ყოველდღიურად ვაკვირდებით, როგორ იცვლება შეზღუდვები. განვაახლებთ ოპერირებას ქუთაისიდან რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად. გვინდა ფრენების განახლება და ამას მოვახერხებთ როგორც კი ჩვენი ოპერირება კომერციულად გამართლებული იქნება. და როგორც კი ქართველებს შეეძლებათ უცხო ქვეყანაში შესვლა და როგორც კი უცხოელი ტურისტები შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას და ტურიზმის გააქტიურებას მისცემენ ბიძგს”, აცხადებს რადო.
Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ ეპიდვითარება დასტაბილურდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ოპერირებას განაახლებს.
“მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველოში ფრენებს და ოპერირებას ევროპის ქვეყნებში ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დავიწყებთ, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ დამოკიდებული ვართ სხვადასხვა ქვეყნების კანონებსა და რეგულაციებზე და თუ ისინი არ გახსნიან საზღვრებს, ჩვენ ვერ შევასრულებთ ფრენებს. როგორც კი შეზღუდვები შერბილდება, გაიზრდება მოთხოვნა. ბედნიერები ვიქნებით, თუ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ფრენას ზაფხულის სეზონის განმავლობაში დავიწყებთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუმცა, ეს დამოკიდებულია შეზღუდვებზე”, მიიჩნევს ავიაკომპანიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება ქუთაისში Wizz Air-ის ბაზის დაბრუნებას, ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაიხსნება საზღვრები და სად შეძლებს ავიაკომპანია ფრენების შესრულებას.
“ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა გავხსნათ ქუთაისის ბაზა, ჩვენ ის არ დაგვიხურია, უბრალოდ მისი მუშაობა შევაჩერეთ და მუშაობას სამომავლოდ განვაახლებთ, როგორც კი ფრენების საკმარისი რაოდენობა იქნება. ვიმედოვნებ, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება და დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რიტმს”, აცხადებს ანდრაშ რადო.