საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) გამოაქვეყნა გრძელვადიანი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც გლობალური ავიაცია უახლოეს ათწლეულებში მნიშვნელოვან ზრდას ელოდება. ანგარიშის თანახმად, 2050 წლისთვის მგზავრთა ნაკადი დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ მეტი იქნება. თუ 2024 წელს საჰაერო მიმოსვლამ დაახლოებით 9 ტრილიონი სამგზავრო კილომეტრი შეადგინა, მოსალოდნელია, რომ შუა საუკუნისთვის ეს ციფრი 20.8 ტრილიონამდე გაიზრდება.

IATA-ს გენერალური დირექტორი, უილი უოლში აღნიშნავს, რომ ეს ტენდენცია გლობალური ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის პოზიტიური სიგნალია, რადგან ავიაციის ზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი შესაძლებლობების გაჩენას უწყობს ხელს. თუმცა, პროგნოზირებული ზრდა მოითხოვს მთავრობებისა და ავიაკომპანიების მხრიდან ეფექტურ პოლიტიკას, რაც გულისხმობს აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებას და სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერას.

ზრდის ტემპი რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება. ყველაზე დინამიკურ განვითარებას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონსა და აფრიკაში ელიან. შედარებით სტაბილური, თუმცა უფრო ნელი ზრდაა მოსალოდნელი ისეთ განვითარებულ ბაზრებზე, როგორიცაა ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა. განსაკუთრებით აქტიური იქნება მარშრუტები აფრიკის შიგნით, ასევე რეისები აფრიკიდან აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ორი მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ცვლილება. პირველი უკავშირდება პანდემიის კვალს — მიუხედავად აღდგენისა, 2050 წლისთვისაც კი მოთხოვნა სრულად ვერ დაუბრუნდება იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. მეორე ტენდენცია კი ზრდის ტემპის თანდათანობითი შენელებაა; თუ ისტორიულად წლიური ზრდა საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, მომავალი 26 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 3.1%-ის ფარგლებში იქნება, რაც ბაზრის მომწიფებითაა განპირობებული.