TAV Georgia-ს მიერ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიცია კიდევ 150 მლნ დოლარით გაიზრდება და 390 მლნ დოლარს მიაღწევს.
როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის, TAV Georgia-ს, გენერალური მენეჯერი აცხადებს, 20 წლის განმავლობაში კომპანია უკვე განახორციელა 240 მლნ დოლარის ინვესტიცია, ხოლო ახალი კონტრაქტით დამატებით 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„დიახ, 240 მლნ დოლარის ინვესტიცია ამ წლების განმავლობაში უკვე განხორციელდა. ახალი კონტრაქტით კი 150 მლნ დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ. 150 მლნ დოლარის ინვესტიციით 20 000 კვ/მ-ით გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
დღეს გვაქვს 37 000 კვ/მ, პლუს 20 000 კვ/მ, ანუ გახდება 57 000 კვ/მ. პროექტის მიხედვით, ემატება ხუთი გასასვლელი – სამი ხიდი, თუმცა ორი ხიდი ორი გასასვლელით. ეს ნიშნავს, რომ ორმა საჰაერო ხომალდმა ისინი ერთდროულად გამოიყენოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ლაუნჯის ნაწილი ბიზნეს მგზავრებისთვის.
პანდემიის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა ბიზნეს-ავიაციამ, კერძო ჩარტერებმა, გალფის ქვეყნებიდან მომდინარე მოთხოვნამ, რის გამოც ლაუნჯი აეროპორტში ნომერ პირველ საჭიროებად იქცა. დღეს ჩვენი ორივე ლაუნჯი მოიცავს 650 კვ/მ-ს. ახალ ლაუნჯში სივრცე 1 300 კვ/მ-ს შეადგენს. ის იქნება ცალკე შენობაში, ცალკე შესასვლელით. ბიზნეს მგზავრებს, VIP მგზავრებს, შეეძლებათ ცალკე შესასვლელით ისარგებლონ, ისე რომ აეროპორტის ცენტრალურ ნაწილში არ მოხვდნენ. ასევე დაემატება 10 სარეგისტრაციო დახლი, ელექტრონული გასასვლელები, ხოლო მოფრენის მხარეს ტერმინალი გაგრძელდება 170 მეტრით, ხოლო გაფრენის მხარეს – 70 მეტრით“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
მისივე თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი ითვალისწინებს ფასადის შეცვლასაც.
„დაემატება შვიდი სადგომი. დღესდღეობით გვაქვს 58 C კოდის სადგომი, და დაემატება შვიდი ახალი C კოდის სადგომი. ეს არის ის, რაც 150 მლნ დოლარიან პროექტში იგეგმება. ამის პარალელურად, ვაგრძელებთ დაგეგმილ მეინთენენსებს. უკვე დაგეგმილია 2026 წლისთვის პროექტები, რომლებიც ეხება ახალ ტექნიკას – ბათუმისთვის თოვლსაწმენდ მანქანებს, თბილისისთვისაც თოვლსაწმენდ მანქანებს. წელს, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი საკმაოდ ძლიერი იყო და მომზადებულები ვიყავით, გარკვეული სირთულეები მაინც გვქონდა, ამიტომ ტექნიკის დამატება აუცილებელია. აეროპორტის ტექნიკა საკმაოდ ძვირია – თითო მანქანის ფასი 0,8–1 მლნ ევროდან იწყება. შესაბამისად, პროექტი გაგრძელდება და, ვფიქრობ, სამშენებლო სამუშაოები მარტი–აპრილში დაიწყება. აეროპორტში ბევრ ახალ სივრცეს მივიღებთ, ახალი რესტორნები გაიხსნება, ქართული რესტორნები. Duty Free ფართი გაიზრდება და პირველად საქართველოში შემოვა ახალი ბრენდები“, – აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.