2025 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 1.4%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ Galt & Taggart -ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.
„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 1.4%-ით გაიზარდა და 290 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს“, – აცხადებენ Galt & Taggart-ში.
მათივე ცნობით, 2024 წელს საქართველომ 4.4 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 7.3%-იანი ზრდაა. 2024 წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იყვნენ. კერძოდ, ტურისტული შემოსავლები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელიდან, ირანიდან და საუდის არაბეთიდან, შესაბამისად 41.6%, 17.9% და 21.2%-ით. შემოსავლების ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აზიის ბაზრებმა, განსაკუთრებით ჩინეთმა და ინდოეთმა შეიტანა მაშინ, როცა თითქმის ყველა ტრადიციული ბაზრიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა. ისტორიულად, ტურიზმის შემოსავლების ყველაზე მსხვილი წყარო რუსეთია, თუმცა 2024 წელს რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი წლიურად 2.0%-ით შემცირდა 850 მილიონ აშშ დოლარამდე.
2024 წელს საქართველოს 6.5 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. აქედან, 2024 წელს ტურისტების რაოდენობამ 5.1 მლნ ვიზიტორი შეადგინა და პირველად დაუბრუნდა პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებლებს. ტურისტების ყველაზე მკვეთრი აღდგენა პირველ კვარტალში დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო კვარტლებში აღდგენის დინამიკა შედარებით შესუსტდა – 2024 წლის აღდგენა 2019 წელთან შედარებით კვარტალურად შემდეგნაირად ნაწილდება: 106.4%, 95.2%, 100.3% და 100.8%.
აღნიშნული შენელება პოლიტიკურმა არასტაბილურობამ განაპირობა, რაც განსაკუთრებით აისახა ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობის შენელებაზე. კერძოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 40.9%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენ კვარტლებში კი საშუალოდ 1.8%-ით ჩამორჩებოდა წინა წლის მაჩვენებლებს.
ჯამურად, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა ძირითადად აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა
განაპირობა, მათ შორის ისრაელიდან, ჩინეთიდან,
ინდოეთიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და
ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.